- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.
“სოფელ მარტყოფში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე სამართალდამრღვევს განთავსებული ჰქონდა ფიჭვის სახეობის 10 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
სახერხი დანადგარი და ხე-ტყე დაილუქა. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება – ბოლო 5 წელიწადში ამ მიმართულებით სამართალდარღვევები 50%-ით შემცირდა.”-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

