თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა იწყება

  • თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

“დღეს მართლაც გამორჩეული დღეა ჩვენი დედაქალქისთვის, რადგან თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თურქულ კომპანიას, ერთობლივ საწარმოს EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ეწერება ხელშეკრულებას თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ. მახსოვს, როდესაც ტრამვაის დაბრუნების შესახებ პირველად გავაკეთე განცხადება, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამას საზოგადოებაში. იყო დიდი სიხარული, მაგრამ იყო სრულიად ბუნებრივი კითხვაც, როდის გახდება ეს იდეა რეალობა? დღეს სწორედ ამ კითხვას ვცემთ პასუხს, იდეიდან, დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის, თანაგუნდელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება, ნას სჭირდება დაგეგმვა, ფინანსური რესურსი, პროფესიონალების ჩართულობა, დრო და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. შესაბამისად, მე, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს – „ქართულ ოცნებას“, მადლობა ჩვენს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის.

ტრამვაის დაბრუნებას თბილისისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს არის ის ქალაქური კულტურის დაბრუნება, რომელიც ჩვენი უფროსი თაობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, თუმცა ჩვენ წარსულში დაბრუნებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაბრუნებთ ტრამვაის იმისთვის, რომ თბილისს მომავლის სატრანსპორტო სისტემა შევუქმნათ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის განხორციელებაც 2017 წლიდან დავიწყეთ, სწორედ ამას ემსახურება – ქალაქში გადაადგილება იყოს უფრო სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ქუჩა თანაბრად უნდა ემსახურებოდეს ფეხით მოსიარულეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრს, ეკოტრანსპორტით მოსარგებლეს და ავტომობილების მძღოლებს.

ჩვენ გგვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანმა აირჩიოს არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის არის სწრაფი, კომფორტული და საიმედო. ტრამვაი ამ სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. პროექტი შედგება სამი ეტაპისგან – კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები. სამივე ეტაპის ჯამური ვადა გახლავთ 36 თვე, ხოლო, ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *