პოლიციამ 283 ძირი “კანაფი“ და 3 კილოგრამამდე “მარიხუანა“ ამოიღო

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვაში, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანაში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რ.რ.-ს,  საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.

აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 283 ძირი მცენარე „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე გამომშრალი “მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებით  მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *