- საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოდან ამავე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში და ქ. რუსთავში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვისი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილები განზრახ შეაჯახეს დაზარალებულთა ავტომობილებს. აღნიშნული ქმედებით ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულთა ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამ დაზარალებულს საერთო ჯამში 11 100 ლარი გამოართვეს, ერთი დაზარალებულისაგან კი 600 აშშ დოლარის დაუფლებას შეეცადნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას უკვე შეეფარდა.
საზოგადოებას უკვე მიეწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბრალდებულებს საერთო ჯამში უფიქსირდებათ, სავარაუდოდ იდენტური დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 100-ზე მეტი ფაქტი, რომელთაგანაც თითქმის ყველა შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას ისინი გამართლებული იქნენ. შესაბამისად, გამოძიების მიერ მოხდა დამატებით ახალი მტკიცებულებების მოპოვება, რის შედეგადაც დაკავებული იქნა კიდევ 1 (ერთი) პირი. საერთო ჯამში, გამოძიების მოცემულ ეტაპზე გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომელთაგან დაკავებულია 5 (ხუთი) პირი.
როგორც აღვნიშნეთ, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დეტალური შესწავლა, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გამოვლენისას გაუქმდება დაზარალებულ პირებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმები და მოხდება როგორც ფიზიკური, ისე სადაზღვევო კომპანიებზე მიყენებული მატერიალური ზიანის დადგენა.”-აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

