- საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.
ბაჩანა ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

