- საქართველოს პროკურატურამ სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ სალიანდაგო დეპარტამენტის, ხარაგაულის უბნის მარელისის სამმართველოს ცვლის უფროსი ა.გ. რკინიგზის კუთვნილი ქონების ე.წ. შპალების რეალიზაციას 450 ლარის სანაცვლოდ ახდენდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უკანონო გარიგების შედეგად მოქალაქისაგან მიღებული თანხა 450 ლარი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ქონების მითვისებს მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

