- საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ფალსიფიკაციის, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადების და გასაღების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ქ. რუსთავში მდებარე შპს „ალგანი“-ს ოფისში ბრალდებულებმა, შემდგომში რეალიზების მიზნით 1 284 ცალი ყალბი აქციზური მარკა და 6 241 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული 210 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი დაამზადეს.
ბრალდებულებმა აღნიშნული პროდუქციის ნაწილი, 3 478 ლარის ღირებულების 126 ბოთლი ფალსიფიცირებული არაყი სხვადასხვა სავაჭრო ობიქტებში გაასაღეს, რაც ამოღებული იქნა. ამასთან, შპს „ალგანი“-ს ოფისისა და ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 2 766 ლარის ღირებულების 84 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი.
სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული 16 იანვარს დააკავა. დაკავებულებს და კიდევ ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის ნე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაზ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა, ჩადენილი ანგარებით, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის) და მე-2001 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყალბი აქციზური მარკების დამზადება და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

