სამოქალაქო ავიაცია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის რეგულარული ფრენების განახლებას ეხმაურება

  • საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან, სადაც ქართული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობა, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის რეგულარული ფრენების განახლებას ეხმაურებიან.

“გვსურს გამოვეხმაუროთ რუსული ავიაკომპანიების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების ფაქტს და კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ნებისმიერი ავიაკომპანიის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან, რომელიც არ არის სერტიფიცირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და სადაც, ქართული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობა, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) დარღვევას.

იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობა, ადგილზე შეაფასოს აეროდრომის ტექნიკური მდგომარეობა და მისი ვარგისობა ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის არმქონე აეროპორტიდან, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას.

როგორც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენცია“) ხელმომწერი სახელმწიფო, სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველო ყოველთვის მოქმედებს ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ასევე იცავს მოქმედი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმების პრინციპებს. საქართველო წლებია იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობა მუდმივად იდგეს დღის წესრიგში. აღნიშნულ საკითხში, საქართველოს აქვს მყარი და უპირობო მხარდაჭერა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით უკვე მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), სადაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ. გრძელდება მუშაობა ქვეყნის ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რათა საქართველოს საჰაერო სივრცეში უკანონო ფრენების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს რეაგირება ყველა საერთაშორისო ფორმატის გათვალისწინებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *