- საქართველოს ხელისუფლება BBC-ის მიერ გასაჯაროებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის მიმართვას გეგმავს.
“„კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. საკითხის დრამატიზებისთვის BBC-მ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა. საქართველოს შს მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება „კამიტი“ არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასდროს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. ცხადია, რომ BBC-ის სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება: 1. შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და 2. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ შექმნან საბაბი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, მორიგი ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში, ვერ გამოდგება.
ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან. ამისთვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც BBC-ის სიუჟეტი სიყალბეზე იყო აგებული, თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ, უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედიასაშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს. ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია,“ – განაცხადა კობახიძემ.
წყარო

