ქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული ს. ბ. და 1994 წელს დაბადებული ე.ტ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულები ფინანსური დავის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანის საბარგულში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ერთ-ერთი მდინარის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც დ. ა.-მ შეძლო საბარგულის გახსნა და გაქცევა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა „ბ“ ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”-აღნიშულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *