- ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი სტანდარტის სერვისებით მოემსახურება.
“კლინიკის რეაბილიტაცია ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს და იგი ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები.
კლინიკაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.
კლინიკა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს შესთავაზებს. სამედიცინო მომსახურებას კლინიკაში 85 ექიმი და 100 ექთანი უზრუნველყოფს.
მინისტრთან ერთად, კლინიკაში იმყოფებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მამალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

