- შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ვაჭრობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ შენობა-ნაგებობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტრო-სადენების გაუმართაობამ გამოიწვია.
აღნიშნული ობიექტის მიმდებარედ განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხანძრის, სავარაუდოდ, პირველი კერა, სწორედ ელექტრო-სადენებიდან ჩნდება.
მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, დღეს – 26 აგვისტოს, გამთენიისას შემოვიდა.
შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.
არსებობდა, ხანძრის მიმდებარედ არსებულ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.