- ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს 710 ათასს. ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათით. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. 2012 წლის შემდეგ, 2-ჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღება განსაზღვრავს, ქულა რომ არ გაზრდილიყო, შედარებით შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა შემწეობა, დღეისთვის, შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა, მაქსიმუმ 120 ათასი 185 ათასი ოჯახის ნაცვლად.
გვაქვს შემთხვევები, რომ დღეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს 2024 წელს გამოშვებული ავტომობილი. სოც დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ასევე ოჯახი, რომელსაც აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.
ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში. სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები უნდა ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის.
ფაქტია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლები. ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიურ ფაზას. ჩვენი მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

