- 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია.
კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა.
ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი.
მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.
ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
იგივე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს.
საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას – წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას.
3. მესამე ბლოკი ეხება დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებასა და საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლებას. მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად, ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა გაორმაგებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია, სტრუქტურა საჭიროებს მოწესრიგებას.
ამ მიზეზით, უკვე რამდენიმე წელია დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება. ინიცირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს.
ახალი “საარჩევნო კოდექსით” მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, კოდექსი გახდება ერთიანი, მარტივად გასაგები და ფუნქციურად გამართული ტექსტი. ეს ცვლილებები არსებითად ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.
კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების – უცხოეთში მყოფი პირების – არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი მოქალაქეები საარჩევნო უფლებაში. ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.
ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს.
არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან.
ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას.
ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას – ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს, და ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისიპირო იყო. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს.
შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს.
ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.
კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში.”-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

