აშშ-ის საელჩო – წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ

  • წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას,- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ქვეყანაში NATO-ს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების – „მტკიცე სული“ გამართვას.

როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწავლების მიზანი პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობაა.

„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა!

ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს.

კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა. აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას“,- წერია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 ივლისს საქართველომ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სულს“ (Agile Spirit) მეთორმეტედ უმასპინძლა. აღნიშნული სამხედრო სწავლება რეგიონის ორ ქვეყანაში – საქართველოსა და თურქეთში მიმდინარეობდა.

„Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ; სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *