ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“ილტოს ხეობაში გამოვლენილია ლენტური ტიპის სახერხი დანადგარისთვის განკუთვნილი რელსი და მის მიმდებარედ განთავსებული დიდი ოდენობით ხე-ტყე – წიფლის სახეობის 37 ერთეული მორი და 10 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ახმეტის შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.

ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით სამართალდარღვევათა შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზეც მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. პარალელურად, კიდევ უფრო გამკაცრდა სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *