- 15 ივლისს ვლაქერნობა აღინშნება. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.
დილის ცხრა საათზე, დადიანების მუზეუმიდან სასულიერო პირებმა გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი, შემდეგ, რამდენიმე წუთით ის დაბრძანებულ იქნა ქალაქის ცენტრში აღმართულ ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელთან მეუფე კირილესთან და სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.
ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესასწაულს მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებიან.