- ადამიანი თავისუფლებას მაშინ კარგავს, როდესაც სრულიად უსამართლო, აბსურდულ წესებს, ანუ უკანონობას აღიარებს და ემორჩილება. ჩვენ თავი რომც მოვიტყუოთ და დავიჯეროთ, რომ ნიღბის ტარება, რუსთაველზე მშვიდობიანად გამოსვლა, დარბეული ადამიანებისთვის აირწინაღის შეძენა, ფლომასტერით ბანერზე სიმართლის დაწერა დანაშაულია, მაშინ საკუთარი ნებით უნდა ვთქვათ უარი თავისუფლებაზე. ეს გააზრებული მონობაა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
„ადამიანი თავისუფლებას მაშინ კარგავს, როდესაც სრულიად უსამართლო, აბსურდულ წესებს ანუ უკანონობას აღიარებს და ემორჩილება. ჩვენ რომც თავი მოვიტყუოთ და დავიჯეროთ, რომ ნიღბის ტარება დანაშაულია, რუსთაველზე მშვიდობიანად გამოსვლა დანაშაულია, დარბეული ადამიანებისთვის აირწინაღის შეძენა დანაშაულია, ფლომასტერით ბანერზე სიმართლის დაწერა დანაშაულია – მაშინ საკუთარი ნებით უნდა ვთქვათ უარი თავისუფლებაზე. ეს გააზრებული მონობაა. გააზრებულ მონობას კი დროებითი დისკომფორტი (პატიმრობა) განუზომლად ჯობია.
კიდევ ერთი იდეა, რომლის მნიშვნელობასაც „ქოცი“ ვერ იგებს – სოლიდარობაა. მარტოობა არა საკანში ყოფნა, არამედ თანაგრძნობის არარსებობაა, ადამიანებთან შინაგანი კავშირის გაწყვეტაა. ჩვენ, მოქალაქეებს, მთავრობა თანაგრძნობისთვის არ გვჭირდება. მათ ჭირდებათ თანაგრძნობის უნარი, რომ ადამიანებად იგრძნონ თავი. როდესაც არ გაქვს უნარი სოლიდარობით გამოწვეული სიხარული შეიგრძნო, სამუდამოდ უბედური ხარ.
ჩვენ შეიძლება ზოგჯერ შეგვეშინდეს, ეს ადამიანურია; ზოგჯერ დავიღალოთ ან სევდა შემოგვაწვეს და ესეც ადამიანურია, მაგრამ სწორედ ამის დაძლევა და წინ წასვლაა ბრძოლა, რომლის საოცარი უნარი ხალხმა უკვე აჩვენა.
სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს! ბოლომდე!
პ.ს. Nino Svanidze, მიყვარხარ, შე, მაგარო!
რუსთავის ქალთა ციხე
20/10/2025″–წერს ელენე ხოშტარია.