თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს

  • თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

დაფინანსება საშუალებას მისცემს მათ, მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესები, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღებამეტა 500 000 ლარს. დაფინანსებას ექვემდებარება, როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია.

საწყის ეტაპზე, მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 20 000 ლარით, ხოლო თანადაფინანსებაში განმცხადებლის თანამონაწილეობის პროპორციულობა შემდეგნაირად განისაზღვრა:

5 000 ლარის ჩათვლით – მოთხოვნილი თანხის 10%;

5 001 – 20 000 ლარის ჩათვლით – მოთხოვნილი თანხის 15%;

რაც შეეხება შეფასების მეთოდოლოგიას, ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ეფუძნება პროგრამის მიზნებსა და მხარდაჭერის ეფექტიანობას. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ აქტიური საწარმო და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას იმ დანადგარის ან აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს მათ საქმიანობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ განაცხადებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ინვესტიცია გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს ან გაზრდის წარმოების მოცულობას და შექმნის დამატებულ ღირებულებას – პროდუქტის ხაზის დანერგვა, არსებული პროდუქტის გაუმჯობესება ან საწარმოო პროცესის ოპტიმიზაცია.

პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება 15 კალენდარული დღის განმავლობაში. განაცხადის ფორმისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *