თბილისში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები ქვეყნდება

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების შევსებულ  განაცხადებზე მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს.  

სააგენტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, აქტიურად იმუშავა ბინის მიღების კანდიდატი ოჯახების მიერ წარმოდგენილი განაცხადების წინასწარი შეფასების მოსამზადებლად, რის შედეგადაც, ჯამში,14 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის განაცხადი შეფასდა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, სიის გამოქვეყნების მიზანია, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიეცეთ შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინონ დოკუმენტაცია 15 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება. 

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების  შესაბამისად მინიჭებული ქულები შესაძლებლობას იძლევა  განისაზღვროს პრიორიტეტულობა, რათა ყველაზე მწვავე საჭიროების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახების შესწავლა განხორციელდეს. განსახლების კრიტერიუმები განსაზღვრავს, დევნილი ოჯახის როგორც საცხოვრებელ, ისე სოციალურ მდგომარეობას. 

კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დაიგეგმება და განხორციელდება ოჯახების მდგომარეობის შესწავლა მინისტრის 01-30/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.   დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, არსებული საბინაო რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს  რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს, რის შემდგომაც კანონმდებლობის შესაბამისად, დაიწყება დეტალური მუშაობა საბოლოო შედეგების ჩამოყალიბებისთვის. გამოქვეყნებული მონაცემები არის წინასწარი შეფასების, რაც შესაძლოა  პროცედურების შედეგად  დაზუსტებას დაექვემდებაროს.

შესწავლილი განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი, კანონმდებლობის შესაბამისად,  მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.

თბილისში,  დევნილებისთვის 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 2 426 ოჯახი მიიღებს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. გათვალისწინებულია ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები, რომლებიც დევნილი ოჯახების სულადობის მიხედვით განაწილდება. 

თბილისში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები იხილეთ აქ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *