ირაკლი კობახიძე რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა.

პრემიერმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით პაპ ლეო XIV-ს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვატიკანში მისი პირველი ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას.

“რომის პაპთან გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვატიკანის, რომის პაპის მხარდაჭერა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც რომის პაპს მადლობა გადავუხადე. მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვატიკანის მხრიდან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც ხაზი გავუსვით.

ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის და თანამედროვე სამყაროს წინაშე, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანული ღირებულებებისთვის ბრძოლას. რა ბრძოლას გადის ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანულ, ტრადიციულ ღირებულებებს, ამაზეც გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რომის პაპთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა რომის პაპი ლეო XIV საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *