- იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, ცვლილებები მიზნად ისახავს კანონით უკვე გათვალისწინებული შესაბამისი წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას.
მისი განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ცრემლმდენი გაზის, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში მანიფესტაციის მონაწილეები გაფრთხილდებიან და თუ ისინი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე უარს არ იტყვიან, მათ მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. იგივე ეხება მაგალითად, სახის ნიღბებით დაფარვას.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსის 32-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს) ვერ იქნება შესაძლებელი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება, შესაძლებელი იქნება, რომ კონკრეტული პირის დაჯარიმება მოხდეს 5 ათასი ლარით, ხოლო ორგანიზატორის – 15 ათასი ლარით.
“იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეწყვეტას ექვემდებარება, ან ცივი იარაღის, ან პიროტექნიკის ან სხვა ისეთი ნივთიერების ან ნივთის ქონა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა ადამიანის დასაზიანებლად, გამოიწვევს პასუხისმგებლობას 60 დღემდე ვადით. თუ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე ვერ იქნება გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა, გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარით, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში – 15 000 ლარით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ერთ წლამდე ვადით, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, „სისხლის სამართლის კოდექსით“ – 2 წლამდე პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ და დასძინა, რომ ამავდროულად, მკაცრდება პასუხისმგებლობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილების შემუშავების მიზეზებზე საუბრისას, მომხსენებელმა განაცხადა, რომ დაწესებულ ჯარიმებს პრევენციული შედეგები ვერ მოაქვს და შესაბამისად, 300 დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი თბილისის მილიონზე მეტ მოქალაქეზე ძალადობს, ხელს უშლის ტრანსპორტის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანების გადაადგილებას.
“ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომ თავისუფლად გადაადგილდეს. როდესაც კონკრეტული პირები თავიანთი კონსტიტუციური უფლების ანუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ, მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ ქვეყანაში სხვა ადამიანებიც არსებობენ და ისინი არ უნდა შეზღუდონ.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთარი უფლებით ისარგებლოს, გამოხატოს თავისი აზრი, როგორც უნდა და სადაც უნდა, მაგრამ ისე, რომ გათვალისწინებული იყო სხვა ადამიანის უფლებებიც“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს