იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა პატიმართა დაზიანების აღრიცხვის წესთან დაკავშირებით

  • საქართველოს სახალხო დამცველმა 2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც სადავოდ გახადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანება – „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“. კერძოდ, სადავო წესის მიხედვით, ექიმის მიერ პატიმრის ხილული დაზიანებების აღრიცხვისა და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის მისამართად, სავალდებულო წინაპირობას სამედიცინო შემოწმებაზე პაციენტის თანხმობა წარმოადგენდა.

კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის N1096 ბრძანებით ცვლილებები განხორციელდა N1748 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტში და ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებულია სახალხო დამცველის მოთხოვნა – პატიმრის თანხმობის არარსებობის შემთხვევაშიც, ექიმმა პაციენტის გარეგნული დათვალიერების საფუძველზე შეადგინოს ცნობა და აცნობოს შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირს შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *