- პოლიტიკური პარტია „ლელო“ ანაკლიის პორტის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს, არასწორია. რადგან, როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს იყო არა ჯაფარიძისა და ხაზარაძის, არამედ ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„ხელისუფლება ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებაში.
ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით ექვსი წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას.
დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს“,- აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.