- ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სულ 13 000 მ2 ფართობზე რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერთან გიორგი ტყემალაძესთან და მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„კომუნიკაციების განახლებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას რაც შეეხება, სამუშაოების 95% შესრულებულია. დაწყებულია საგზაო სამუშაოები. უახლოეს დღეებში გამწვანების კომპანია შემოვა და შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს. პარალელურად ეწყობა ტროტუარები. 10 სექტემბრისთვის პროექტი უნდა იყოს დასრულებული. გარკვეული დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით არის, თუმცა ქუჩის დიდ ნაწილზე ასფალტის ორი ფენა დაგებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ დროისთვის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე ქსელები სრულად არის შეცვლილი, ხოლო გაზმომარაგების მილების განახლება ბოლო ეტაპზეა.
ასევე, ვაკის პარკიდან ვაკის სასაფლაომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და გიორგი წერეთლის ქუჩაზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია. გარდა ამისა, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა.
პროექტის შემდეგ ეტაპზე მოეწყობა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, ასევე, უსაფრთხოების კუნძულები, ზებრა გადასასვლელები. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კი გამწვანების მასშტაბური სამუშაოებს განახორციელებს, ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახის საფარი.
ადგილზე მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ტოგონიძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ყიფიანი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს