პროკურატურამ ბათუმში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

  • საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა 18 ივლისს, ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდნენ.
იმავე დღეს ბათუმში მდებარე რესტორანში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ასევე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქის მიმართ, შემდეგ კი თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა. სროლის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო მეორე სიკვდილს გადაურჩა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ორი ან მეტი მიმართ), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძნა, შენახვა, ტარება), 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *