ესლოტინი ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომელიც აქტიურ ნივთიერება დეზლორატადინს შეიცავს. მისი დახმარებით პრეპარატი სხვადასხვა ალერგიული დაავადების სიმპტომების მოხსნას ან შემსუბუქებას უზრუნველყოფს.
ესლოტინის ტაბლეტები და სიროფი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
როდის იყენებენ ესლოტინს?
ვიდრე პრეპარატის მოქმედების მექანიზმს გაეცნობით, აუცილებელია იცოდეთ, თუ როდის უნდა გამოიყენოთ ესლოტინი.
ეს პრეპარატი დაგეხმარებათ სეზონური პოლინოზის დროს, რომელსაც სხვადასხვა მცენარის მტვრის მიმართ მომატებული მგრძნობელობა იწვევს. ესლოტინი ასევე გამოიყენება წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის სამკურნალოდ.
მედიკამენტი პოლინოზისა და რინიტის დროს გამოვლენილი სიმპტომების – ცემინება, ცხვირიდან ლორწოს გამოყოფა, ცხვირის გაჭედვა და ქავილი, ცრემლდენა, თვალების ქავილი და სიწითლე – მართვასა და შემცირებას უზრუნველყოფს.
ესლოტინს მიმართავენ ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების შემთხვევაშიც. პრეპარატი მისი თანამდევი სიმპტომების, კანის ქავილისა და გამონაყარის შემსუბუქება-გაქრობის მიზნით გამოიყენება.
როგორ ამსუბუქებს პრეპარატი ალერგიის სიმპტომებს?
ალერგია იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქციაა ნივთიერებაზე, რომელსაც ალერგენს უწოდებენ. ალერგენი შეიძლება იყოს მტვერი ან ცხოველების ბეწვი. მართალია, ეს ალერგენები, ძირითად შემთხვევაში, ადამიანებისთვის უვნებელია, თუმცა ალერგიის დროს, იმუნური სისტემა მათ საზიანოდ მიიჩნევს და ბრძოლას უცხადებს, ისევე როგორც ვირუსების ან მიკრობების შემთხვევაში ხდება.
ესლოტინი, მისი აქტიური ნივთიერება დეზლორატადინით, მეორე თაობის ანტიჰისტამინია, რომელიც ორგანიზმში H1 ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკირებით ხასიათდება. ალერგენზე იმუნური სისტემის პასუხად ჰისტამინები გამოიყოფა, როგორც ანთებითი რეაქციის ნაწილი. ჰისტამინები H1 რეცეპტორებს უკავშირდება, რაც იწვევს ალერგიის სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, შეშუპება და ლორწოს გამომუშავება და ა.შ.
დეზლორატადინი ჰისტამინების ბლოკირებით, მათ H1 რეცეპტორებთან შეკავშირებას უშლის ხელს, რითაც ალერგიულ რეაქციას აჩერებს. რეცეპტორის ბლოკირებით, ის ეფექტიანად ამცირებს სიმპტომებს, თანაც ძილიანობის გარეშე, რადგან დეზლორატადინი ჰემატოენცეფალურ ბარიერს ადვილად ვერ კვეთს, სხვა, დიდწილად ძველი თაობის ალერგიული საშუალებებისგან განსხვავებით. ეს აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია.
როგორ გამოიყოფა ორგანიზმიდან დეზლორატადინი?
ესლოტინის აქტიური ნივთიერება დეზლორატადინი, ძირითადად, ღვიძლში მეტაბოლიზდება და როგორც შარდით, ასევე განავლით გამოიყოფა.
პრეპარატის მიღების შემდეგ, დეზლორატადინი ღვიძლში ფერმენტების მეშვეობით მუშავდება, რომლებიც მედიკამენტს არააქტიურ მეტაბოლიტებად შლიან. ამის შემდეგ, დეზლორატადინი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან თირკმელებით (შარდით) და, უფრო ნაკლებად, ნაღვლის მეშვეობით ნაწლავებში (განავლით) გამოიყოფა. ეს ორმაგი გზა ორგანიზმის ნივთიერებისგან ეფექტიანად გაწმენდას უზრუნველყოფს.
შედარებით ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო, დეზლორატადინი ერთჯერადი დღიური დოზის მიღებისას ხანგრძლივ შვებას უზრუნველყოფს. მეორე მხრივ კი, ორგანიზმი მას მიღებიდან რამდენიმე საათში ეფექტიანად შლის, რაც სისტემაში ნივთიერების დაგროვების თავიდან არიდებას უწყობს ხელს.
როგორი შეიძლება იყოს წამლის უკუმოქმედება?
ალერგიის დროს სიმპტომებზე დადებითი გავლენის გარდა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მედიკამენტების უმეტესობის მსგავსად, გვერდითი ეფექტები ესლოტინის მიღების შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს.
ძირითადად შემთხვევებში, პაციენტების ნაწილს დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი აღენიშნება. თუმცა ძალიან იშვიათად, პრეპარატმა შეიძლება ტაქიკარდია და გულისცემის შეგრძნების გამძაფრება გამოიწვიოს. ასევე იშვიათად აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობისა და ბილირუბინის (ნაღვლის პიგმენტი) კონცენტრაციის მომატება.
ერთეულ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია და გამონაყარი.