- დევნილთა სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინების განაწილების მიზნით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესს იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
“როგორც ცნობილია, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და სრულად 2026 წლის გაზაფხულზე ჩაბარდება.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ბინის მიღების კანდიდატი 14 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის განაცხადი შეფასდა და წინასწარი ქულები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სიის გამოქვეყნებიდან, 15 სამუშაო დღის ვადაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაცის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის გათვალისწინებით, წინასწარი ქულების ნაწილი გადაფასდა. განახლებული სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულები შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს პრიორიტეტულობა, რათა ყველაზე მწვავე საჭიროების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახების შესწავლა განხორციელდეს. განსახლების კრიტერიუმები განსაზღვრავს, დევნილი ოჯახის როგორც საცხოვრებელ, ისე სოციალურ მდგომარეობას.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, არსებული საბინაო რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრა რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.
- ერთოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან ის დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 4,5 და მეტი ქულა;
- ოროთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 6 და მეტი ქულა;
- სამოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 7,5 და მეტი ქულა;
- ოთხოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 1 და მეტი ქულა.
შესწავლილი განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ყველა ეტაპზე, მინისტრის 01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობის სრული დაცვით, წარიმართება.
ხოლო, იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, რომელთა ქულა ამ მომენტისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მონიტორინგისთვის განსახლების მომდევნო ეტაპზე განიხილება.”-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები იხილეთ აქ.

