- არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, არ დაუჭიროს მხარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმებას.
“17 ნოემბერს შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პარტია „ქართული ოცნება“ გეგმავს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებით საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა გააუქმოს. ამ უფლებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მრავალი წელია, სარგებლობენ. თანამედროვე საზოგადოების გეოგრაფიული მობილობის გათვალისწინებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობისგან მოწყვეტა ინკლუზიური დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც აზიანებს არჩევნების საყოველთაობის პრინციპს.
პირველ რიგში, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება საჭიროებს პროცესში შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და გონივრულ ვადებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ათობით ათასი ადამიანის უფლებების შეზღუდვას. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვეულ პრაქტიკად იქცა, როდესაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის დარგის სპეციალისტებთან, ყოველგვარი ფორმალური კონსულტაციების გარეშე, სრულიად ექსკლუზიური პროცესის შედეგად მიიღება. როგორც წესი, მსგავსი ცვლილებები „ქართული ოცნების“ ვიწროპარტიულ ინტერესებს არის მორგებული. საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმებაც ამ ტენდენციას მიჰყვება.
საარჩევნო უფლებათა ტრადიციული განმარტებები არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათს, თუმცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2005 წლის რეზოლუციის თანახმად, საარჩევნო უფლებები წარმოადგენს დემოკრატიული ლეგიტიმურობისა და პოლიტიკური პროცესის წარმომადგენლობითი ხასიათის საფუძველს, რომლებიც უნდა განვითარდეს თანამედროვე საზოგადოებების პროგრესის შესაბამისად ინკლუზიური დემოკრატიისკენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხედვით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ეფექტური, თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო უფლებების მინიჭებას მოქალაქეთა რაც შეიძლება მეტი რაოდენობისთვის, მათ შორის, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებას. ასამბლეის რეკომენდაციით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხმის მიცემის უფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მისცენ საზღვარგარეთ მცხოვრებ თავიანთ მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება ეროვნულ არჩევნებში და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ასეთი ხმის მიცემის უფლების განხორციელებას.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია მოუწოდებს სახელმწიფოებს, მოქალაქეთა ევროპული მობილობის გათვალისწინებით და გარკვეული სახელმწიფოების კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლების მიმართ პოზიტიური მიდგომა ჰქონდეთ, რადგან ეს უფლება ხელს უწყობს ეროვნული და ევროპული მოქალაქეობის განვითარებას.
თანამედროვე საზოგადოებებში გავრცელებულია საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებებით სარგებლობის ფართო შესაძლებლობა, რისთვისაც სახელმწიფოები სპეციალურ ღონისძიებებს მიმართავენ. ორგანიზაცია International IDEA-ის მონაცემების თანახმად, საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობას საკუთარ მოქალაქეებს 150-ზე მეტი ქვეყანა ანიჭებს. მათ შორისაა ევროპის საბჭოს წევრი თითქმის ყველა სახელმწიფო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში საზღვარგარეთ ხმის მიცემის დაშვების მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება და გარდა პერსონალური ხმის მიცემისა (ქვეყნების 42%), დანერგილია კენჭისყრის სხვა ფორმებიც, მათ შორის საფოსტო (20%) და ელექტრონული (6%) ხმის მიცემა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება ეწინააღმდეგება კარგ საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკასა და გლობალურ ტენდენციებს და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არჩევნების საყოველთაობის პრინციპის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი. ცნობისათვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე „ქართულმა ოცნებამ” ჯამში ამომრჩეველთა დაახლოებით 13%-ის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული საერთო-ეროვნული შედეგებით, ამ პარტიას დაახლოებით 54%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმებას და, პირიქით, ხელი შეუწყოს ამ პირებისთვის ხმის მიცემის მეტი შესაძლებლობის გაჩენას.”-აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

