სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს, – ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.თ.-მ – სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ხოლო ბრალდებულმა გ.ი.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში. ასევე, დადგინდა, რომ ბ.თ. და გ.ი. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ წითელი ცირკულარით.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები ტარდება“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *