- შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში და სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ა.დ. და 2000 წელს დაბადებული ჯ.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ა.დ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულმა ჯ.ქ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

