- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კირნათისა“ და „სარფის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული მ.ქ, 1998 წელს დაბადებული ჰ.ო. და 2001 წელს დაბადებული ე.შ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობისა და უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მ.ქ. და ე.შ.-მ, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში, ხოლო ბრალდებული ჰ.ო. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.