- სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) შესაბამისად, 2026 წლიდან ჩატარდება გამოცდა ქართულ ენაში. ქართული ენის გამოცდას ყოველ წელს რამდენჯერმე ჩაატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების საერთო ევროპულ ჩარჩოზე დაყრდნობით. ამ გამოცდის საფუძველზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გასცემს სერტიფიკატს, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ერთიანი საგამოცდო სისტემის დანერგვით საბოლოოდ დამკვიდრდება ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მრავალენოვანი საზოგადოების სამოქალაქო ინტეგრაციას და მოხსნის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების შემაფერხებელ გარემოებებს. ქართული ენის სასერტიფიკაციო გამოცდა ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი უცხოელი ან/და არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის. ეს გამოცდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად, მათ მოსამზადებლად ეროვნული გამოცდებისთვის“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

