შინაგან საქმეთა სამინისტრო სკოლებში ახალ პროექტს – „პროფესია პოლიციელს“ იწყებს

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს – „პროფესია პოლიციელი“ წარმოადგენს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას შსს აკადემიაში წარუდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიციის საქმიანობასა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გეკა გელაძის თქმით, ახალი კამპანია ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

„სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – „პროფესია პოლიციელი“, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს – ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ.

მათ შესაძლებლობა ექნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და  ადგილზე გაეცნონ პოლიციელების მიღწევებს,  შედეგებს, წარმატებებსა და ყოველდღიურ საქმიანობას.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს  ახალგაზრდების დაინტერესებას პოლიციელის ძალიან ღირსეული და საამაყო პროფესიით“, –  განაცხადა გეკა გელაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სპეციალურად მოზარდებისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ.

კამპანია „პროფესია პოლიციელი“ 21 ნოემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ეწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, ადგილზე გაეცნოს ინფრასტრუქტურასა და დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკას და ჩაერთოს სიმულაციურ აქტივობებში.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *