შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ნ.გ.,   1989 წელს დაბადებული ო. ქ.  და 1998 წელს   დაბადებული ო.თ.  დააკავეს. 

დაკავებული ო.ქ. თურქეთის რესპუბლიკის  სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ბრალდებით,  ხოლო ნ.გ. ძალის გამოყენებით ან მოტყუებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით,  ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. 

რაც შეეხება ო.თ. – ს, მას  თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ან მიწოდების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ნივთის ქურდობის ბრალდებით  ეძებდნენ. 

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ქ. თბილისში, ხოლო ნ.გ.  და ო.თ. ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *