- მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები დასრულდა, უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის, 3 061 უბნის შედეგი. როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, მეორედ, ამჯერად უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.
აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, საჩივრები ძირითადად შეეხება: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.
ასევე შეგახსენებთ, რომ კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი ხუთი საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.