ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა ხონის მუნიციპალიტეტში

  • იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ კინჩხაში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია, ჯამში, 16 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი – წიფელი, მურყანი, ასევე წაბლი, რომელიც წითელი ნუსხითაა დაცული.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისად, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.

„იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა 2025 წლის იანვარ-ივნისის თვეში სამართალდარღვევის 28 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო, 2024 წლის ამავე პერიოდში გამოვლენილი იყო 86 ფაქტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა, რაც პატრულირებასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების – დრონებისა და ვიდეოხაფანგების გამოყენებით, კონტროლის შედეგია“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *