- პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღებული უმაღლესი ჯილდოების გამო, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას.
„ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება – ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალებისა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, მას სამომავლოდაც ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მან, ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის, გასულ წელს, მიიღო ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა, წარვადგინოთ ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოვებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
ასევე, ჩვენ გვყავს ორი სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ესენი არიან – კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მიღებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი – NBA, ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ – როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბატონი კახა კალაძე და ბატონი ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
წყარო