- 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
“ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

