- გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა.
ღონისძიება მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში გაიმართა. პლატფორმა ტყეების დაცვისა და აღდგენის პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მიიღეს.
“ჯვრის მონასტრის ფერდობზე სომბოლურად წიწვოვანი სახეობის ხუთი ცალი ნერგი დაირგო. აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31 ჰა ფართობისთვის ტყის გაშენების პროექტი მომზადდა. ახალი ტყე შეიქმნება საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით. ჯვრის მონასტრის ფერდობზე ტერიტორია 140 ნაკვეთადაა დაყოფილი. ტერიტორიაზე, ეტაპობრივად, სეზონების მიხედვით, 25 300 სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი დაირგვება. ნარგავების მოვლა-პატრონობაზეც მოხალისეები სატყეო სააგენტოს ზედამხედველობით იზრუნებენ. ჯვრის მონასტრის ფერდობზე გაშენებული ტყე იქნება პირველი პრეცენდენტი მასშტაბებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. პროექტი „ტყის მეგობარი“ ტყეზე ზრუნვის, მოხალისეობრივი აქტიურობის და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გადანაწილების სანიმუშო მაგალითია.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.