- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), აღსადგენია ხიდის სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა. აღდგენითი სამუშაოებისთვის ტექნოლოგიური პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს. შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
უწყების ცნობით, 8 მაისიდან, 10 დღის განმავლობაში, ხიდის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე მოძრაობა შეიზღუდება ღამის საათებში: 22:00 საათიდან – 07:00 საათამდე. დღის საათებში მოძრაობა იქნება ორ ზოლზე.
„მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება ხიდის სამშენებლო სამუშაოები.
ამასთან, ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლოს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.
აღნიშნული შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.