მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.

“წლის საუკეთესო, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 2023 წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *