- შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
“განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ა.ვ., 2004 წელს დაბადებული ვ.დ., 1988 წელს დაბადებული გ.ო., 2000 წელს დაბადებული ლ.მ., უკრაინის მოქალაქე 1978 წელს დაბადებული ვ.ხ., წარსულში ნასამართლევები: 2004 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული გ.მ., 1976 წელს დაბადებული დ.მ., 1978 წელს დაბადებული ო.ძ., 1989 წელს დაბადებული ა.ს. და 1970 წელს დაბადებული ლ.გ.
დანაშაულები 20-წალამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „კლეფედრონი“, „მდმა“ „მარიხუანა“, და 122 ძირი მცენარე “კანაფი”.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.