“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, პირველ რიგში, ის რეპრესიული გარემოა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისათვისაც.

“2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები უნდა გაიმართოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ქვეყანაში  გამართულ თითქმის ყველა არჩევნებს აკვირდებოდა, ხოლო 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უპრეცედენტოდ დიდ სადამკვირვებლო მისიას ჩავუყარეთ საფუძველი. 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ორგანიზაცია მისი 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში აღნიშნულ შესაძლებლობას მოკლებულია. 

ამის მიზეზი, პირველ რიგში ის რეპრესიული გარემოა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა. როგორც ცნობილია, მიღებულია რამდენიმე კანონი, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის და ჯარიმებით და სისხლის სამართლის წესით დევნით გვემუქრება. დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არის ივანიშვილის ანტიკორუფცოული ბიუროს ორი მონიტორინგის ქვეშ, ორგანიზაციის ხელმძღვანელს კი ე.წ. პირბადეების საქმის  გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იბარებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო მედიის დეზინფორმაციული კამპანიების მუდმივი სამიზნე  და მაღალი თამამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმის ობექტები არიან. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამგვარი რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისათვისაც – შექმნილ სიტუაციაში ისინი სრულიად დაუცველნი დარჩებოდნენ “ქართული ოცნების” ტიტუშკების თავდასხმებისა და პროვოკაციების წინაშე, ისევე, როგორც მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი სისტემის მიერ მოგონილი ბრალდებებისგან.

იმისთვის, რომ არჩევნები შეფასდეს როგორც სამართლიანი და თავისუფალი, მნიშვნელოვანია ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით (1990) გათვალისწინებული ცხრა პრინციპის დაცვა, რომელიც გულისხმობს პერიოდულად თავისუფალი არჩევნების ჩატარებასრომელიც ეფუძნება საყოველთაო და თანასწორ ხმის უფლებასფარულ კენჭისყრასა და შედეგების სამართლიანსაჯარო დათვლასმოქალაქეთა უფლებასდაიკავონ თანამდებობა და კანონის წინაშე თანასწორად შექმნან პარტიები თუ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობათავისუფალ წინასაარჩევნო კამპანიასრომელიც დაცული იქნება ადმინისტრაციული ჩარევისდაშინებისა და დისკრიმინაციული მედიაგარემოსგანრის შემდეგაც არჩეული კანდიდატები შეუფერხებლად შეუდგებიან უფლებამოსილების შესრულებას. ზემოაღნიშნული პრინციპების დასაცავად კი დოკუმენტი ხაზს უსვამს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვან როლს. 

საქართველოში არსებულ კონტექსტში, ჩამოთვლილი პრინციპების დაცვისთვის სამოქალაქო საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიაგარემოს თავისუფლებას გადამწყვეტი როლი აქვს. შესაძლო პოლიტიკური კონკურენტების დისკრედიტაცია და ოპოზიციური პარტიების წევრების პატიმრობაში გაშვება თავისუფალი არჩევნების დამახასიათებელი არაა. სახეზეა გარემო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გზით და რომლის არსებობის პირობებში გამორიცხულია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. არჩევნებზე დაკვირვებით ჩვენ არ და ვერ შევქმნით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ილუზიას.

აქედან გამომდინარე, 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება ჩვენს ორგანიზაციას შეუძლებლად მიაჩნია.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *