მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე გასაბერი ნავიდან თევზჭერას აკრძალული საშუალების – ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟის დანახვისთანავე, მან ნივთმტკიცებულებების ჩაძირვის მიზნით, ნავი გადააყირავა და გაქცევა სცადა; მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მისი შეჩერება შეძლეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი მავნე ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ თევზზე, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე წყლის ეკოსისტემაში. გარდა ამისა, ის საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც. სწორედ ამიტომ, გასული წლიდან, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დასჯადია ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებაც.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *