გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მიმართავს

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

“შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად.

ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემოდგომაზე, ამ მიმართულებით კონტროლს ამკაცრებს და მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

გარემოს დაბინძურების შემცირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე.”-აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *