- შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ტ.ღ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
შსს ცნობით, დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე ტ.ღ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“ და „ალფა-პვპ“, რომელსაც მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში უკანონოდ ინახავდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

