- საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას აის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 31 ოქტომბერს ბრალდებული ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის განზრახ მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას.
საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა ძებნილი ბრალდებული 2025 წლის 23 ნოემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა,19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის და არაერთგზის), 11 პრიმა ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ნფორმაციაში.

