მიხეილ სააკაშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტს აფასებს

  • კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“. ისევე როგორც, უკვე აღარ ყლაპავს 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას, – ასე აფასებს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტს.

“ვიღაცას შეიძლება მართლა არ ასვენებს რეიხსტაგის გადამწველი ვან დერ ლიუბეს აჩრდილი. მაშინ ნაცისტებმა დადგეს სპექტაკლი, შეიტყუეს ჰოლანდიელი კომუნისტი ვან დერ ლიუბი დაცვისგან მთლიანად დაცლილ რეიხსტაგში და საშუალება მისცეს შეუფერხებლად გაეჩინა ცეცხლი. შემდეგ კი ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს უამრავი ოპონენტი, მათ შორის გიორგი დიმიტროვი, ააგორეს რეპრესიების დიდი ტალღა. აქაც იგივე სპექტაკლის სუნი მცემს.

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვაგან მსგავს სიტუაციებში, რეჟიმებს ჰყავთ საპროტესტო მოძრაობაში შემოგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ საქმეზე არიან წამსვლელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ხელაღებით ვერავის დავადებ ხელს. ასევე შესაძლებელია რომ ვიღაც სპეციალურად ყურზე აჯდეს ადამიანს და უბიძგებდეს კონკრეტული საქციელისკენ, ესეც სპეცსამსახურების ძალიან გავრცელებული მეთოდია.

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ ჭამს. ისევე როგორც, აღარ ყლაპავს, უკვე 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას.

ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა და ამასობაში ბრძოლას ვაგრძელებთ, ფართოდ ვშლით და ვამძაფრებთ.”-წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *