- იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა ოთხ კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. მათივე ცნობით, გარემოზე მიყენებული ზიანი 4000 ლარს შეადგენს.
„ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. ხოლო, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია საჩხერის საქმიან ეზოში“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო კონტროლი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.
„ხე-ტყით უკანონო სარგებლობის აღკვეთის მიზნით, სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ტყეზე უკანონო ზეწოლა. მინდა, აღვნიშნო, რომ ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

